ბაკურიანი
სამთო-კლიმატური კურორტი ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს, ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. კურორტი გაშენებულია თრიალეთის ქედის (მცირე კავკასიონი) ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1700 მ. სიმაღლეზე.

ბაკურიანი ყოველი მხრიდან მთებითაა გარშემორტყმული, რომელთა ფერდობებზეც შეფენილია წიწვოვანი ტყეები (ნაძვი, ფიჭვი, ჩინური ცისფერი ნაძვი...). წიწვოვანი ტყეების გამო ჰაერი აქ კრისტალურად სუფთაა. ტყეების ზემოთ მდებარეობს ალპური მდელოები. აქვე იღებენ სათავეს მსოფლიოში ცნობილი ბორჯომის უნიკალური მინერალური წყლები.

უნიკალურ, დამახასიათებელ კლიმატს, განაპირობებს კურორტის მდებარეობა სუბტროპიკულ ზონაში, შედარებით მაღალ სიმაღლეზე. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +14C-ია). ყინვები უკვე სექტემბრის ბოლოს იწყება (იანვრის თვის საშუალო ტემპერატურა -5.6C-ია). თოვლის საფარის საშუალო სიმაღლე 60 სანტიმეტრია. მშრალი მთის ჰაერი, გაჯერებული წიწვოვანი ტყეების არომატით, ასევე მზის სხივების სიჭარბე, ხელსაყრელ პირობებს ქმნის ეფექტური კლიმატოთერაპიისთვის.

თავისი უნიკალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბაკურიანი არა მხოლოდ სეზონური კურორტია, რომელსაც მთელი წლის მანძილზე შეუძლია მოიზიდოს სხვადასხვა ტიპის დამსვენებელი. კერძოდ, ზამთარში იგი სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა საყვარელი ადგილია. ზამთრის სეზონი ნოემბრის ბოლოდან აპრილის შუალ რიცხვებალდე გრძელდება. ზაფხულობით კი საბავშვო და ოჯახური ტიპის კლასიკური კურორტია.

გრილი ზაფხული, ტყიანი მთები და შესანიშნავი ხედები, სუფთა ჰაერი, უამრავი ტურისტული მარშრუტი ცხრაწყაროს უღელტეხილის, ტაბაწყურისა და კახისის ტბების, ბორჯომის ულამაზესი ხეობისა და ისტორიული ძეგლებისაკენ, საუკეთესო წინაპირობაა ზაფხულის ოჯახთან ერთად გატარებისთვის.